ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მგზავრობის ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას” – ბითაძე

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდას ეხმაურება.

როგორც მან აღნიშნა, იცვლება დედაქალაქში ტრანსპორტზე გადახდის სისტემა და არა ტარიფები.

„ტარიფი იქნება იმ ბილეთის შესაბამისი, რასაც მგზავრი აირჩევს. თუ მგზავრი გადაადგილდება მხოლოდ მეტროთი, გადაიხდის მხოლოდ მეტროს საფასურს. ახლა იწყება მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მგზავრობისთვის, რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაშიც, ერთხელ გადაიხდიან. გადახდა იქნება ელექტრონულად. ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობისთვის, იმავეს გადაიხდის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე განმარტავს, რომ მოქალაქეები მგზავრობის საფასურს ერთჯერადად გადაიხდიან, რომელიც საათ-ნახევრის განმავლობაში იმოქმედებს. მისი თქმით, სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალური ინფორმაცია ნოემბერში გახდება ცნობილი.

„ტრანსპორტის ახალი სისტემის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება, როგორც მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამარშრუტო ტრანსპორტი და მთლიანად გამოცვლილი ავტოპარკი, მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. ფასთან დაკავშირებით არ თქმულა, რომ ფასი გაორმაგდება. პირიქით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველა სუბსიდირება, რაც მოქმედებს, შენარჩუნებული იქნება. მეტიც, მგზავრებს ექნებათ კომფორტული გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ერთჯერადად გადაიხდიან მგზავრობის თანხას და შეეძლებათ, ამ ბილეთის მოქმედების ვადაში ისარგებლონ როგორც მეტროთი, ავტობუსით, ასევე ახალი სამარშრუტო ტაქსით. სამარშუტო ტაქსის ინტეგრირებულ ტარიფში ჩართვა არის ის სიახლე, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას. ტარიფის გაორმაგებაზე, საუბარი არასდროს ყოფილა და საუბარია მხოლოდ ტარიფის ინტეგრაციაზე, რაც მგზავრების კომფორტისთვისაა გათვალისწინებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ასევე განმარტა, რას ნიშნავს ინტეგრირებული ტარიფი. მაია ბითაძის თქმით, დღეს თუ ვიხდით თანხას ცალკე მეტროსთვის, ცალკე სამარშრუტო ტაქსისთვის, გადახდის ახალი სისტემით გადავიხდით ერთხელ, რამდენიც ღირს მეტრო და სამარშრუტო ტაქსი.

„გააჩნია, რა მარშრუტს ავირჩევთ. ამ სისტემაში ყველაზე კომფორტული იქნება ის, რომ გათვალისწინებულია ბევრი ოფცია – მგზავრს ექნება უფლება, აიღოს ერთთვიანი ერთწლიანი ბარათები, თუ მგზავრი ყოველდღიურად იყენებს მეტროს და სამარშრუტო ტაქსის, შესაძლებელი იქნება, რომ რამდენიმეთვიანი ბილეთი აიღოს, სადაც მეტრო და სამარშრუტო ტაქსი იქნება გაერთიანებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ახალი სისტემის მიზანია, სატრანსპორტო საშუალებების დუბლირება აღმოიფხვრას.

„თუ რუსთაველზე დადის ექვსი სამარშუტო ტაქსი და ავტობუსი, ეს ასე აღარ იქნება. ძირითად დერეფანზე ივლიან დიდი გაბარიტის ავტობუსები, შემაერთებელ ქუჩებზე ივლიან მცირე ზომის ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

იტვირთბა....