ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეგიონალური განვითარება არის ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ , რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონალური განვითარება არის ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2019 წელს 20 პროცენტით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც ყველაზე დიდი ციფრია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ექვსი თვის წინ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოგიდგინეთ გეგმა, ძალიან ამბიციური, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის. 20 პროცენტით გავზარდეთ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 2019 წელს და შესაბამისად, ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვქონია. ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა დაკავშირებული ძალიან ბევრ გამოწვევასთან.

მოგეხსენებათ, გასული წლის ზაფხულში, როდესაც მე წარმადგინეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით და პირველი, ეს გახლდათ რეგიონალური მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები, იყო პრობლემები, რომელიც მათ შორის აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების ვერ ათვისებაში და ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, შეიცვალა რეგიონული მართვის სტრუქტურა, სხვადასხვა პროცედურები და არის შესაბამისი შედეგებიც.

„ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და ის ექვსი თვის მონაცემებით 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო და 200 მლნ ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა ჩვენს ინფრასტრუქტურაში.

რეგიონალური განვითარება ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულება ჩვენთვის. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი, შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი რეგიონების თანაბარი განვითარებით. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჯერ კიდევ ჩვენს რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი.

„დღევანდელი პრეზენტაცია დაეთმობა სწორედ ამ მიმართულებას, ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელშიც ჩართული გვყავს მუნიციპალიტეტები. ამ ნაწილშიც ჩვენი პროექტები უფრო და უფრო ამბიციური ხდება და მსურს, კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე. რეგიონალური განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი, კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და მის გუნდს.

„მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, მის გუნდს და ჩვენს მუნიციპალიტეტებს. ძალიან კარგად მახსოვს, მე თვითონ აქტიურად ვმონაწილეობდი დაგეგმვის პროცესში, ციფრები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით, მართლაც ჩანდა ზედმეტად ამბიციურად, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთსულოვნებით და მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებდით და ამ მასშტაბის ინვესტიციების ათვისებას მოვახერხებდით. ასეც მოხდა და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, დარწმუნებული ვარ, 2019 წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება“, – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრეზენტაცია „რეგიონების განვითარება – 2019“ სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს. მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

იტვირთბა....