საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.
„დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.
წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.
წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის წერილიც.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.