„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ღონისძიებას, რომელიც ნებისმიერ ტელევიზიასა და ნებისმიერ ტელევიზიაში ნებისმიერ ჟურნალისტის სარედაქციო გადაწყვეტილებებს დაიცავს არხის მფლობელებისგან თუ მენეჯმენტისგან, მათი პირდაპირი ჩარევისგან.
როგორც მშვენიერაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მოთხოვნა, რომ სარედაქციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი საბჭო, მისასალმებელია.
„უმჯობესია ქიბარ ხალვაშმა იზრუნოს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ისინი ცდებოდნენ და დათანხმდეს ამ ტიპის ბორდის შექმნას. მიუხედავად იმისა, მე ამ ბორდში ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არ არის არსებითი, მთავარია ჟურნალისტები ამით თავს გრძნობდნენ დაცულად“, – განაცხადა მშვენიერაძემ.
მისი თქმით, მართალია სარედაქციო დამოუკიდებლობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.
„ჟურნალისტების მიერ დასახელებული ახალი ბერკეტი კი არა ფინანსური, არამედ სამართლებრივი შიდა რეგულაციებით და მენეჯმენტისთვის სირთულეების შექმნით ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის უკეთესი სტანდარტია, რომლის მაგალითებიც არსებობს. საქართველოშიც ყოფილა მიახლოებით მსგავსი ან მსგავსი შინაარსის პრეცედენტები, ეს არ ეხება მაუწყებლებს, მაგრამ ეხება სხვა მედიებს, სადაც ასეთი ბორდები არსებობდა პერიოდულად და ისინი ახერხებდნენ მენეჯმენტის გარკვეული ნაწილისგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისგან დაცვას“, – განაცხადა მშვენიერაძემ.