მედია მთავარი სოციალური ქსელი

არ მჯერა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად “რუსთავი 2”-ის კულტურასა და ეთიკას უნდა იზიარებდე, სისხლი სისხლით არ მოიბანება – ლორთქიფანიძე

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” საქმეს ეხმაურება და აცხადდებს, რომ რუსთავი 2-ის თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ დათო დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეუძლიათ.

“ყველასთვის ცხადია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” წევრებმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს სრულიად უფორმო, რეგრესზე, ჩამორჩენაზე, უთანასწორობის გაღრმავებასა და სიღარიბის შეგუებაზე ორიენტირებულ ოლიგარქიულ რეჟიმს, სადაც მხოლოდ ერთ ექსცენტრიკულ, განსხვავებული აზრისადმი ზიზღით განწყობილ და უცოდინარ ადამიანს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება.

ყველასთვის ცხადია, რომ ოლიგარქისა და მისი გუნდის შეფერხებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრიტიკული მედია. კრიტიკული მედიის არსებობა უმცირეს ბარიერს მაინც უქმნის ჩაგვრის სამუდამოდ გაგრძელებაზე მეოცნებე სისტემას. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება კრიტიკული და კვალიფიციური მედია.

“რუსთავი 2-ში” ბევრი გამოცდილი ჟურნალისტი მუშაობს, მათ არაერთი საინტერესო რეპორტაჟი მოუმზადებიათ და ბევრი თემა გამოუტანიათ საზოგადოების სამსჯავროზე.

აღნიშნული გარემოებების არსებობის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიც:

📌 ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის პერიოდში ერორი მის მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვეს და წაართვეს. კანონის მიხედვით ტელევიზია რუსეთის მოქალაქე ნაყოფიებს არ ეკუთვნით.

📌 რუსთავი 2 საქართველოში მედიის სტანდარტის მიწასთან მომსწორებელია. მან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია ბინძური პროვოკაციები, ფაქტების გაყალბება, პროპაგანდისტული მანიპულაციები, უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება, ოპონენტების დამცირება და შეურაცხყოფა, ისტერიკა, შუღლისა და ზიზღის გაღვივება, უკულტურობა, მდაბიო და ბოროტი იუმორი … საუბედუროდ, კარგი რეპორტაჟების მომზადებელ ჟურნალისტებს საჯაროდ არასდროს გამოუხატავთ პროტესტი ტელეეკრანიდან ფეკალური მასის მფრქვეველთა და პოლიტიკური კულტურის მომსპობთა წინააღმდეგ. ისინი ჩუმად იყვნენ და მათსავე “ნიუსრუმში” ათუხთუხებულ სიბინძურეზე რეაქცია არ ჰქონდათ ხოლმე.
რუსთავი 2 არ ყოფილა დამოუკიდებელი ტელევიზია, ის იყო ნაციონალური მოძრაობის მონად ქცეული ინსტიტუცია. არც ეს აწუხებდათ თანამშრომლებს.

📌 მტკიცედ მჯერა, რომ დაბალი სტანდარტების მქონე, იაფფასიანი მეთოდებით მებრძოლი, ყველაფრის მკადრებელი და არაკვალიფიციური (ცოდნასა და განათლებას ვგულისხმობ და არა ტექნიკურ მოხერხებულობასა და უნარ-ჩვევებს). მედიას საშუალებები ოლიგარქიის დამარცხებას შეუძლებელს ხდიან. მე არ მჯერა, რომ ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ სააკაშვილის საშუალებით არის შესაძლებელი. მე არ მჯერა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად “რუსთავი 2”-ის კულტურასა და ეთიკას უნდა იზიარებდე. ხომ გახსოვთ ძველი გლეხური გამონათქვამი: “სისხლით სისხლი არ მოიბანება”.

ქვეყანაში არსებობს მოთხოვნა კრიტიკულ მედიაზე. ერორის ჟურნალისტები არსად დაიკარგებიან. ხელისუფლების შედეგიანი კრიტიკა არ შეწყდება. დიგიტალური საზოგადოების ეპოქაში ეს შეუძლებელია. დღეს ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი იჭერს მობილური ინტერნეტი.

ქიბარ ხალვაში ცნობილი ავანტურისტია, მისი ნდობა არ შეიძლება. რუსთავი 2-ის თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ დათო დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეუძლიათ. საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და მათ 50%-იანი წილი უნდა დაიბრუნონ, თორემ ყველაფერი წყალში ჩაიყრება”, – წერს ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე გადაწყვეტილებით,  გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

ამავდროულად, ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამია გადაყენების მოთხოვნით მიმართა.

ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.

ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

იუსტიციის სახლში ამ წუთებში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.

გარდა ამისა, ხალვაშმა მეორე განცხადებითაც მიმართა რეესტრს, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აღარ არის. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.

2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.

მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.

სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.

იტვირთბა....