იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ შეკითხვაზე განუცხადა, რომ მეთოფიშვილს , იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დაარქვა.
დოლიძის თქმით, ეს ნათლად ჩანს მაშინაც, როდესაც არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვებს უსვამენ, ხოლო საბჭოს მოსამართლე წევრები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.
“ჩვენი მოღვაწეობა კარგად გამოჩნდა, როდესაც დღეს, მაგალითად, ქლბატონ ნაზის ჩამოართვეს სიტყვა მაშინ, როცა ის სვამდა კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყეტინებენ გამოსვლებს და ხანდახან, გვართმევენ სიტყვასაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ და მე არ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, დავსვათ კითხვები, რომელსაც ძალიან ბევრი კონკურსანტი უბრალოდ ვერ პასუხობს. ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს”, – განაცხადა დოლიძემ.
მისი შეფასებით, პირადად ის და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატებს სერიოზულ და მწვავე კითხვებს უსვამენ კომპეტენციასთან დაკავშირებით.
“ბევრი კანდიდატი უბრალოდ ვერ პასუხობს კითხვას, რომელი სამეცნიერო ან სამართლებრივი ნაშრომი და სტატია წაიკითხა. ამავე დროს, ვერ პასუხობენ კითხვას კანდიდატების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი წლებია მუშაობს სასამართლო ხელისუფლებაში, ბუნებრივია, კითხვები დადგება იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მას მიუღია”, – განაცხადა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.