იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესისა და საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეზე საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც საბჭოს წევრი იპარება სხდომიდან და მიდის ერთ-ერთ მედიაში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, ამით ყველაფერი ნათქვამია,
სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, საბჭოს წევრის, ანა დოლიძის ქმედებები აჩვენებს საბჭოში მისი საქმიანობის მიზნებს.
„საბჭოში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ირჩევს საბჭო ღია და საჯარო გასაუბრებით. ამ დროს საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს და მიდის.
დღესაც ერთ-ერთი საბჭოს წევრი აგვიანებს. ხდება ზოგჯერ, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა, ან სამსახურის, ან ოჯახის. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ასეთი რამ შეემთხვეს და გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო დააგვიანოს სხდომაზე ან არ მოვიდეს ეს დასაშვებია, მაგრამ როდესაც საბჭოს წევრი იპარება საბჭოს სხდომიდან და მიდის ერთ-ერთ მედიაში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამით არის ნათქვამი. ეს ადამიანი ანა დოლიძეა. კარგად ნახეთ კიდევაც სად იყო. ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია. ეს კიდევ ერთხელ იმას ადასტირებს რომ ამ ადამიანს არ აინტერესებს. მართლმსაჯულება.
მე არ ვამბობ, რომ გუშინ უმნიშვნელო საკითხზე იყო დებატები, მაგრამ რისთვისაც ხელფასს უხდიან და თუ ის ნამდვილად საბჭოს წევრია, ის მართლმსაჯულების ნაწილი უნდა იყოს და აქ უნდა იყოს.
მინდა დავაფიქსირო და ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება, პოლიტიკოსია უფრო ვიდრე სასამართლოს ნაწილი. შესაბამისად. ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური და არაობიექტური“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
ამასთან მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გარკევული პილიტიკოსების დავალებებს ასრულებენ, თუმცა მეთოფიშვილს ეს პოლიტიკოსები არ დაუსახელებია.
„ვინ არიან ეს პოლიტიკოსები თავს შევიკავებ დასახელებისგან. ჩემგანაც იქნება ალბათ პოლიტიკური განცხადება. მე არ მინდა პოლიტიკაში ჩარევა. პოლიტიკა გავიდა საბჭოდან 2007-2009 წლებში, ზუსტად არ მახსოვს, როდესაც საბჭოს წევრები იყვნენ დეპუტატები. მაშინ იყო საბჭოს წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატიც და ჯობდა დღეს ყოფილიყო ის, ვიდრე შენიღბული ანა დილიძე. საზოგადოება ხედავდა მაინც, რომ ის იყო დეპუტატი ოპოზიციის ფრაქციიდან, დღეს შენიღბულად გვყავს“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.