“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, სოციალურ ქსელში, “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს.
მისი თქმით ხალვაშის სამართლებრივი გამარჯვება ქვეყნის პოლიტიკურ მარცხად არ უნდა იქცეს
“ხალვაშის სამართლებრივი გამარჯვება ქვეყნის პოლიტიკურ მარცხად არ უნდა იქცეს. ამისათვის საჭიროა აღსრულებითი თუ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებამდე 3-4 თვიანი პაუზის აღება, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალური ახსნა-განმარტება და საქმეში ჩართულ მხარეებს შორის კომპრომისების ძიება ახალი სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით. ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ყველა პრობლემას მოხსნილად ჩათვლის; ხოლო რუსთავი2-ის დე-ფაქტო მფლობელები ტელევიზიასაც და ქვეყანასაც დიდი განსაცდელისკენ უბიძგებენ თუ „კამუფლაჟიან“ ფორმაში გამოწყობილები სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ. როგორმე ქვეყანა პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებამდე უნდა მივაგოროთ, რათა ბევრ ასეთ სამართლებრივ-პოლიტიკურ-მორალურ ჭაობს თავი სამუდამოდ დავაღწიოთ!
რაც შეეხება თავად სამართლებრივ მხარეს, მე მგონი, ვითარება შემდეგია:
ზოგადად, სტრასბურგში საქმის გასაჩივრება ავტომატურად არ აჩერებს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულებას. მიზეზი მარტივია – ასე რომ არ იყოს, ევროპის 50 ქვეყნის სასამართლოებში წაგებული ყველა მხარე შეიტანდა საჩივარს სტრასბურგში და ამით რამდენიმე წლით შეაყოვნებდა ყველა მოგებული მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ ეროვნული მართლმსაჯულების სისტემა სრულად ჩამოინგრეოდა.
რუსთავი2-ის საქმეზე 2017 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იმიტომ კი არ შეჩერდა, რომ იგი სტრასბურგში იქნა გასაჩივრებული, არამედ იმიტომ, რომ სტრასბურგმა საქმის მიღებისას თითქმის უპრეცედენტო სპეციალური გადაწყვეტილება გამოიტანა ამის თაობაზე. სტრასბურგმა თქვა, რომ საქმე იმდენად მგრძნობიარეა, რომ სანამ მე არსობრივად არ ვიმსჯელებ, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება არ აღსრულდესო.
ორი წლის შემდეგ სტრასბურგი ამბობს, რომ არსებითად განიხილა რუსთავი2-ის საჩივარი და იგი არ დააკმაყოფილა. ამასთან ერთად, მან აღარ მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგშივე გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე საქართველოში გადაწყვეტილების აღსრულება კვლავ შეაჩერეთო. ანუ, რუსთავი2-ის საკითხის განხილვის ამ ეტაპზე სტრასბურგი დაუბრუნდა ზოგადად არსებულ პრაქტიკას და თქვა, რომ მხარეებს შეუძლიათ ჩემი გადაწყვეტილება აქვე კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებას აღარ ვაჩერებო. ამრიგად, სამართლებრივად ხალვაშს შეუძლია გადაიფორმოს რუსთავი2, მაგრამ თუ სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გასაჩივრდება და საბოლოოდ შეიცვლება, მას მოუწევს ტელევიზიის უკან დაბრუნება დღევანდელი მესაკუთრეებისთვის.
გვარამიას, ისევე, როგორც ყველა სხვა თანამშრომლის კონტრაქტი ძალაში რჩება მესაკუთრის შეცვლის შემდეგაც. თუმცა, კონტრაქტის მეორე მხარეს, ანუ ახალ მესაკუთრეს, შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს ეს კონტრაქტი და წავიდეს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტი ვერ დაიცავს გვარამიას სამსახურიდან გათავისუფლებისგან, მაგრამ თუ ხალვაში კონტრაქტს ცალმხრივად გაწყვეტს, მას მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა. ესაა კონტრაქტების ზოგადი წესები, თუმცა, კონკრეტულად რა წერია გვარამიას კონტრაქტში, უცნობია.
ესაა ამ კონკრეტული საქმის სამართლებრივი მხარე, მაგრამ რუსთავი2-ის გარშემო რა და როდის გადაწყვეტილა მხოლოდ კანონის მიხედვით? ან დვალმა და აქიმიძემ ხალვაშისთვის აღდგენილი სამართლიანობა იზეიმონ?” – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ქიბარ ხალვაშმა დღესვე განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.
ამავდროულად გვარამიამ განაცხაა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.
სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.