ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების შეფასებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იდენტურია: ერთიც და მეორეც ითხოვს ოპოზიციის დასჯას, რუსთავი 2-ის დახურვას. ივანიშვილი გავრილოვის ფაქტობრივად გამოსარჩლება. დაადასტურა, რომ მასთან იყო ყველაფერი შეთანხმებული, მათ შორის გავრილოვის ჩამოყვანა, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშილის მიერ ბათუმში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს.
გოცირიძის განცხადებით, ივანიშვილს ხალხის პოზიცია არ აინტერესებს.
“ივანიშვილი გადაეფარა გახარიას და გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს. ამით არაპირდაპირ დაადასტურა, რომ უშუალოდ გასცა ბრძანება და ამ სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპზე საქმის კურსში იყო. გახარია, რომ გადადგეს შსს არ იარსებებსო – ანუ სისტემა მთლიანად ერთ ადამიანზე მორგებული და პოლიტიზირებულია. გახარიას გადადგომა ნაცებს უნდა მარტოო. სინამდვილეში მის გადადგომას მოითხოვს უკლებლივ ყველა პარტია, გარდა ოცნების ერთი-ორი სატელიტისა. ივანიშვილს არ აინტერესებს ხალხის პოზიცია – გამოკითხულთა 71 პროცენტი ამბობს, რომ გახარია უნდა გადადგეს.
ისევე როგორც გახარია, რომელმაც მოიტყუა, იმ ღამეს როცა დარბევა იყო, ელჩებიც პარლამენტიდან აკვირდებოდნენო, ასევე ივანიშვილი ცრუობს, თითქოს უცხოეთმა მოიწონა აქციის დაშლა. სინამდვილეში, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლები მოითხოვდნენ გამოძიებას ძალის ბოროტად გამოყენების გამო”, – აცხადებს გოცირიძე.
გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოუკუპაციო აქციას დასცინის და მათ ორასიოდე შემორჩენილ მომიტინგეს უწოდებს.
“ივანიშვილი დასცინის აგერ უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ახალგაზრდების საპროტესტო აქციას და ორასიოდე შემორჩენილ მომიტინგეს უწოდებს მას. არადა ათი ათასზე მეტი ადამიანი იდგა მაშინ პარლამენტის წინ და მიიღებს ათეჯერ მეტს, თუ ასე გააგრძელა.
მან კარგად იცის, რომ ქმედუუნარო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ვერც ქუჩაში გამოდის და ვერც დარბაზში შემოდის, ძალიან დიდი ტვირთია მისი პარტიისათვის და პრობლემა ქვეყნისათვის. არაფერში აწყობს მისი ზურგზე მოკიდება, მაგრამ გახარიას გადაყენება ეწყინება რუსეთის ხელისუფლებას, ამიტომ იძულებულია აიტანოს.
გახარია უკვე ნომინალური ფიგურაა მის ხელისუფლებაში და ისე წავა, როგორც დაგიბარებიათ.
საქართველოს მოქალაქეებზე აგდებულად ისაუბრა – იყვირეს და დაიშალნენო.
ის კვლავ საუბრობს უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლაზე.
ცხადია ამას აპირებს საარჩევნო მანიპულაციებით, რაც მას ძალიან მაღალ პოლიტიკურ ფასად დაუჯდება.
სექტემბრიდან უფრო აქტიურები ვიქნებითო – გავიხსენოთ მისი წინაასაარჩევნო ტურნე 2016-ში ყველა რეგიონი მოიარა და მოსახლეობას პირდებოდა, ახლა ჩვენები მოსახლეობაში სიარულს დაიწყებენო და ერთ წელიწადში უკეთესი ვითარება იქნებაო. ყოველი მისი ასეთი დაპირების მერე ვითარება უფრო მძიმდება.
შეშინებული კაცის საუბარი იყო, რომელიც თავს იმხნევებს და დემორალიზებულ გუნდს ამხნევებს.
ერთი ორასი გრამი “ვოდკა” რომ გადაეკრა, უფრო მხნედ იქნებოდა”, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილმა გახარიას გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ახლა შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.
ივანიშვილი შეეხო პარლამენტის წინ და ასევე შეკვეთილის წინ მიმდებარე აქციებს, სადაც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ორივეგან 200-200 კაცზე მეტი ვერ გროვდება.