“ხვალ რუსთავი 2ზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცხადდება, სადაც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმური შანსი არ ექნება, რამენაირად შეეხოს არსებულ სტატუს კვოს. ერთადერთი, თუ თავზე გადაისკორავს და ნაჯახით გადაჭრის ამ საკითხს (მძიმე ფასს რომ გადაიხდის, ეგ მეორე სერიაშია).
ხოდა, აგერ, დილიდან, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიარეისების აღდგენის სანაცვლოდ, პირდაპირ მოითხოვა გაბუნიას თავი და, პრაქტიკულად, ასევე პირდაპირ – ჩვენი არხის დახურვა (აბა ისე გაბუნიას არავინ მოხსნის და არც ანტირუსული, და არა რუსოფობიული, რიტორიკა შეწყდება). აქვე, ასევე პირდაპირ მოთხოვნილია რუსთაველზე არსებული მიტინგის დაშლა (ნუ, დაშლას ჩვენი ხელისუფლება რას ეძახის, ეგ უკვე გავიგეთ). აქვეა მთავარი ოპოზიციური პარტიების განეიტრალების საკითხიც. მოკლედ, ქვეყანაში მარტო ივანიშვილი, ტელეიმედი და ირმა ინაშვილი დარჩნენო, გვეუბნება.
და ახლა რას უნდა ველოდოთ? აღშფოთებული მგზავრების მიტინგს ჩვენს შენობასთან? თუ პირდაპირ არხის დახურვას ავიათავისუფლების სანაცვლოდ?
ბოდიში, მაგრამ, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი ისევ აქვს? ისევ ბოდიში, და ამგვარ ჩარევას სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, თან ულტიმატუმის ფორმით, რა ქვია? და როგორ ირეაგირებს ამაზე საქართველოს მთავრობა – იქნება სუვერენიტეტის შელახვის თაობაზე საპროტესტო წერილები, თუ პირიქით – მიესალემბიან, მადლს მიუძღვნიან, დავალებად აღიქვამენ და მიხედავენ ამ დავალების ზემოთმოყვანილი პირობების შესრულებას?
მოკლედ, ქვეყანა აღარ გვაქვს, დროზე თუ არ ვუშველეთ. უზურპატორი უნდა წავიდეს!”
“რუსთავის 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;
მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავის 2-ის” ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.