მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.
„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე.
წყარო: “პირველი არხი”