ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დაცვის თანამშრომელი, გიორგი სულაშვილი, 20 ივნისის ღამის შემთხვევას იხსენებს და აღნიშნავს, რომ აქციაზე დაგვიანებით მივიდა და თანამშრომლებთან ერთად იდგა, რომლებიც ასევე მათ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
სულაშვილის თქმით, მისი მისამართით ტყვია სწორედ მაშინ გაისროლეს, როდესაც ეპიცენტრიდან „კურიერის“ ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის, გამოეყვანას ცდილობდა.
„დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა და ყოველ წამს შეიძლებოდა, მარიამს მოხვედროდა ის, რაც მე მომხვდა. მთელი კოლექტივი წავედით მარიამის დასახმარებლად და მარიამს რომ მივუახლოვდით, აგონიაში იყო, არ ესმოდა არაფერი, ვეძახდით. როდესაც თავი გამოვწიე, რომ უნდა დამეძახა, მარიამ, ჩამოდი, მაგ მომენტში მომხვდა ტყვია. მტკივნეული იყო. იმ მომენტში ძალიან დიდი ტკივილი მქონდა. ვეღარაფერს ვხედავდი. შევძელი გამოვბრუნებულიყავი. გონება არ დამიკარგავს. ნახევარი გზა გავიარე და შემდეგ ჩვენი თანამშრომლები დამეხმარნენ და ჩამსვეს სასწრაფოს მანქანაში. სასწრაფოს ექიმი დაიბნა, არ ელოდებოდა ამ სურათს”, – ამბობს გიორგი სულაშვილი.
დაცვის თანამშრომლის ინფორმაციით, ოპერაცია 8 საათის ჰანმავლობაში გაგრძელდა. მას თვალის დაკარგვასთან ერთად სახის ძვლების ჩამსხვრევაც აღენიშნებოდა. იგი საქართველოში ოპერაციის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო დახმარების მიზნით გერმანიაში გაუშვა
„მითხრეს, რომ თავის ქალიდან უნდა აიღონ ის ძვლის ფრაგმენტი, რომ სამომავლოდ პროტეზირების დროს რაღაც საფუძველი ჰქონდეთ, რაზეც შეიძლება, რომ ის თვალი მიამაგრონ და გააჩერონ. იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ქვედა ძვალი აღარ მაქვს”, – განაცხადა სულაშვილმა.
“რუსთავი 2”- ის თანამშრომელმა აღნშნული განცხადებები გადაცემაში “არჩევანი” გააკეთა და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობაც გადაუხადა.