საბჭოს არამოსამართლე წევრების ქმედება შესაძლოა, სისხლისსამართლებრივ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი ბონდარენკომ გააკეთა.
ბონდარეკოს მიაჩნია, რომ არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლე ილონა თოდუას დღევანდელ სხდომაზე მოუწყეს დაკითხვა, რითიც ისინი გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობას.
„ისინი გასცდნენ თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და შეიჭრნენ იმ სივრცეში, სადაც მათ ამის უფლებამოსილება არ გააჩნიათ. ქალბატონმა ჯანეზაშვილმა და ქალბატონმა დოლიძემ დღეს დაარღვიეს კანონი. მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, შესაძლებელია თქვენი ქმედება შეიცავდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულის ნიშნებს. მე ვნერვიულობ იმაზე, რომ შესაძლებელია გვქონდეს ისეთ ადამიანებთან საქმე, რომლებიც შესაძლოა იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები“, – განაცხადა ირაკლი ბონდარენკომ.
დღევანდელ სხდომაზე, გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელიც საბჭოს მოსამართლე წევრების დიმიტრი გვრიტიშვილისა და ირაკლი ბონდარეკოს განცხადებებს, მუქარად აღიქვამს.
„სხდომა წარიმართა ჩვეულად, როგორც ის მიმდინარეობს ხოლმე, როცა ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომელიც „კლანისთვის“ არის მგრძნობიარე. თუ საუბარია ნეპოტიზმზე, ინტერესთა კონფლიქტზე, მაზლებზე, სიძეებზე, შესაძლო კორუფციაზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე, ჩვენ არ გვეძლევა საქმიანი დისკუსიის საშუალება. „კლანი“ გადმოდის დასჯის მუქარაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის მუქარაზე. ამ პირობებში როგორ იქნება შესაძლებელი, რომ საქმიანად და სერიოზულად წარიმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა, მე ამ საკითხთან მიმართებაში სერიოზულად ეჭვი მეპარება. ეს პირველ რიგში, დაარტყამს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.