20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ პოლიციის ნაწილში გამოძიება ინტენსიურად გაგრძელდეს – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს.
როგორც სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ელოდება, რომ 20-21 ივნისის მართლმსაჯულება განხორციელდება არასრულყოფილად.
„არ შეიძლება ჩვენ ვხედავდეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებსა და მეორე მიმართულებით ბევრი კითხვა იყოს. სამართალდამცავთა საკმარისი რაოდენობა რატომ არ არის იდენთიფიცირებული, რომლებმაც ცხადად ჩანს, რომ გადაამეტეს კანონს და ამის კადრები არსებობს. დემონსტრანტთა ნაწილში საკმაოდ ინტენსიურია გამოძიება და გუშინ ვნახეთ, რომ დამატებით ოთხი პირია დაკავებული, თუმცა მეორე მხარეს, მხოლოდ ერთ სამართალდამცავი გვყავს პასუხისგებაში მიცემული, რაც მართლმსაჯულების ხარისხის და ამ პროცესის მიმართ კითხვებს აჩენს. გვაქს მოლოდინი და მოთხოვნილებაც აქვს საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად სწორედ პოლიციის ნაწილში გაგრძელდეს გამოძიება. არგუმენტი, რომ რთული ბარიერების წინაშე დგას გამოძიება, არ არის დამაჯერებელი პასუხი არავისთვის, განსაკუთრებით დაზარალებულებისთვის, რომლებიც ამ საქმეზე მართლმსაჯულებას ელოდებიან. რა ტიპის სირთულეც არ უნდა იყოს პროკურატურის წინაშე, მან უნდა გადალახოს და უნდა აჩვენოს, რომ ისეთივე ინტენსიურია გამოძიება პოლიციელებთან დაკავშირებით, რასაც ვხედავთ დემონსტრანტთა ნაწილში“, – განაცხადა სოფო ვერძეულმა.
ვერძეული აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეს საქმეები არ იცის, ამიტომ ზუსტად ვერ იტყვის, დაკავებულების ნაწილში რამდენად არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.
„ჩვენ ზოგადად ვამბობთ და ამას ანგარიშშიც ვუთითებთ, რომ 20 ივნისს 22:00 საათიდან იყო ძალადობრივი ინციდენტები პოლიციასთან, რასაც სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა საჭიროა, ყველა ინდივიდუალურ საქმეში საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტი იყოს დაცული. ამას ამ ეტაპზე არ ვიცნობთ, მაგრამ აუცილებლად გვექნება საშუალება მეტი სიღრმით შევიდე საქმეში“, – განაცხადა ვერძეულმა.
მისივე თქმით, რამდენიმე პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა ეს საერთოდ არ არის ადეკვატური იმისა, რაც იხილა საზოგადოებამ.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და არა დისციპლინურ ზომებზე და ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში არის გამოძიების მწარმოებელ ორგანოზე, პროკურატურაზე. იმედი მაქვს, უფრო მეტი დამაჯერებლობითა და სერიოზულობით პროკურატურა გააკეთებს განმარტებას, რა ვადაში აპირებს ამ გამოძიების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას” – განაცხადა სოფო ვერძეულმა.