ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რ2-ის 9%-იანი წილის მფლობელი გვარამიას უჩივის

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა გენერალურ პროკურატურაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

“ნინო ნიჟარაძე 2014 წლიდან ფლობს წილს რუსთავი 2-ში და 2014 წლიდან არ მიუღია დივიდენდი, შემოსავალი. მეტსაც გეტყვით, ყურადღება მისი მისამართით არ ყოფილა. ის ითხოვდა წილის გასხვისებას, თუმცა ამის ნებართვა არ მიეცა. პარტნიორების უფლებები ისე გამოიყენეს, რომ მან აღნიშნული თანხებით იზარალა. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც მივმართავთ საქართველოს პროკურატურას”, — განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ მიიღო ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებები, რომელმაც ზიანი მიაყენა კომპანია რუსთავი 2-ს. ის გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ითხოვს.

“საუბარია 220-ე მუხლზე, რაც გულისხმობს კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ საზოგადოებისთვის საზიანოდ მოქმედებას, რასაც თავისთვისა და სხვისთვის უპირატესობის გამოყენება და გამორჩენა მოჰყვა. ასევე, 182 მუხლი, რომელიც გულისხმობს მითვისებასა და გაფლანგვას. სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების იმგვარად ბოროტად გამოყენებას, რომელსაც მოჰყვა ქონების გადამალვა”, — განმარტა ადვოკატმა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსთავი 2-ის ურთიერთობაზე სარეკლამო კომპანია ინტერმედიასთან. მან თქვა, რომ ფინანსური დოკუმენტების ნაწილის შესწავლიდან სავარაუდო ფინანსური დარღვევები გამოიკვეთა.

“იმ პერიოდში, როცა რუსთავი 2-ს საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და პირიქით, საჭირო იყო რეკლამიდან უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას. ეს განახორციელა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა და კონტრაქტი დაბალ თანხაზე გააფორმა. გაუგებარია, რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები იყო დამალული რუსთავი 2-ისთვის, პარტნიორებისთვის, კომპანია წარუდგენდა ბიუჯეტის გეგმას და ინტერმედია რიცხავდა თანხას, რაც გაუგებარია”, — განაცხადა ადვოკატმა.

მას აქვს ეჭვი, რომ გარკვეული თანხების გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიაში ხდება.

“ჩვენს მიერ განცხადებაში ჩამოყალიბებულია ის პოზიციები და ფაქტები, რაც კომპანიას სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით ჰქონდა. ვითხოვთ, ის საზიანო გარიგებები, რომელიც დაიდო, თავისი თუ სხვისთვის უპირატესობის გამოჩენის მიზნით, შეისწავლონ”, — თქვა ადვოკატმა.

ნინო ნიჟარაძემ პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას გადადგომაც მოითხოვა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად 9%-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ დაეთანხმა.

კომპანიის 9-პროცენტის წილის მფლობელმა მაისის თვეში სარჩელი ასევე აღძრა რუსთავი 2-ის, არხის პარტნიორების ლევან და ყარამანაშვილების, შპს ტელეკომპანია საქართველოს, არხის დირექტორის ნიკა გვარამიას და შპს ინტერმედიის წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა იურისთან ასოციაციამ რუსთავი 2-ის პარტნიორის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი შეისწავლა და დაადგინა, რომ სასამართლომ საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა

იტვირთბა....