კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ვლაქერნობის წირვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ის სტიქაროსნებმა ტერიტორიას განარიდეს. ერთ-ერთმა კი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს მიკროფონის წართმევა დაუპირა და ხელიც ჰკრა. უთხრა, რომ მიკროფონს დაუმტვრევდა. სტიქაროსნები მედიის მიმართ აგრესიით გამოიჩეოდნენ. მათ შორის, სავარაუდოდ მეუფე შიოს დაცვის წევრიც. განსაკუთრებით მათ მიმართ უხეშობდნენ, ვინც ამ ყველაფერს იღებდა. ინფორმაციასა და ვიდეოს “ლაივპრესი” ავრცელებს.
მეუფე შიოსთან კითხვები ჰქონდა მედიას დავით გარეჯზე. კერძოდ, მოძრაობა “ძალა ერთობაშია” იუწყება, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სამონასტრო კომპლექსის კელიები საპირფარეშოდ აქვთ გამოყენებული.
ასევე, კითხვა ეხებოდა სხალთის ეპისკოპოსის, სპირიდონის ვლადიმირ პუტინის და მისი პოლიტიკის მხარდამჭერ ქადაგებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის პოლიტიკა ევროკავშირის “ცოდვილი” პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგეა, და ღმერთს პუტინის შენდობას სთხოვს.

