საზოგადოება

მინდა, საქართველოში ფლეიტა სხვა დონეზე ავიყვანო – ახალი ფლეიტისტი

საქართველოში მალე შეიქმნება ახალგაზრდა ფლეიტისტთა ფედერაცია. ფედერაციის შექმნის იდეა ახალგაზრდა მუსიკოსს ნათია გიგუაშვილს ეკუთვნის. გიგუაშვილი თავადაც ფლეიტისტია და სურს ქვეყანაში საკუთარი ინსტრუმენტის პოპულარიზაცია მოახდინოს. ახალგაზრდა ფლეიტისტი სულ მალე საკუთარ კონცერტსაც გამართავს.

მეტრონომი: დავიწყოთ თავიდან, რომელი ასაკიდან დაიწყე მუსიკალური ცხოვრება?

ნათია გიგუაშვილი: სანამ ლაპარაკს დავიწყებდი იქამდე ვმღეროდი, ძალიან კარგი სმენა მქონდა, 5 წლის ასაკში ჩავწერე სტუდიაში, სულხან ცინცაძის “სიმღერა თბილისზე”, რომელზეც შემდგომ გადავიღეთ ვიდეოკლიპი, ბნელი 90-იანების დროს. სტუდიაში, სადაც ეს სიმღერა ჩაიწერა, ჩემი ხმის ტემბრიდან გამომდინარე გვირჩიეს,რომ განვითარება კლასიკური ვოკალის განხრით გამეგრძელებინა. 6 წლის ვიყავი, როცა ჩავირიცხე კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგ დოდო დიასამიძის კლასში და დავიწყე აქტიური მეცადინეობა. ზოგადად, მუსიკალური ოჯახიდან ვარ. მამა, კობა გიგუაშვილი მღეროდა ტრიო “სიმში”ახლა ანსამბლში ”ხარება და გოგია” მღერის. ასევე პიანისტია ჩემი დაც – თამარ გიგუაშვილი. თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო იტალიაში, ჯოაკინო როსინის სახელობის კონსერვატორიაში. ის აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ფესტივალებსა თუ კონცერტებში და თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან დირიჟორებთან.

მეტრონომი: პირველად როდის გამოხვედით სცენაზე?

ნათია გიგუაშვილი: მუსიკალურ სკოლებსა და კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში,მუდმივად ტარდებოდა კონცერტები და ფესტივალები ჩემი მონაწილეობით. გამორჩეული იყო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, სადაც ჩვენმა პატრიარქმა გადმოგვცა სიმბოლური საჩუქრები და დაგვლოცა, ეს იყო 2006 წელს. სცენას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა გავიხსენო 2008 წელი, როდესაც ბრაიან ადამსმა გამართა კონცერტი – მას აქვს ტრადიცია, რომ ერთი მაყურებელი აყავს სცენაზე და მასთან ერთად ასრულებს სიმღერას. მაშინ ის ერთი ბედნიერი მე აღმოვჩნდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემს ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებელთან ერთად ვიმღერებდი და ვიდგებოდი სცენაზე მის გვერდით.

მეტრონომი: როდის გადაწყვიტეთ, რომ ფლეიტასთვის დაგეთმოთ კარიერა და ზოგადად, რატომ ფლეიტა?

ნათია გიგუაშვილი: მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა ვოკალის პედაგოგმა გვირჩია პარარელურად შემესწავლა ფლეიტაზე დაკვრა, რადგან ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სწორ სუნთქვას, ფილტვებისა და დიაფრაგმის განვითარებას, რომელიც საჭიროა მომღერლისთვის. ამიტომ, პარალელურად ჩავაბარე გამოცდები და ჩავირიცხე ნიჭიერთა ათწლედში, ფლეიტის განხრით. საბოლოოდ, იმ დონეზე შემიყვარდა ფლეიტა, რომ ვოკალს თავი დავანებე ნელ-ნელა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მასწავლებელი დოდო ამის წინააღმდეგი იყო. გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ფლეიტისთვის დამეთმო დრო. დავამთავრე ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლა და ფლეიტის განხრით ჩავაბარე კონსერვატორიაში.

ბაკალავრის დამთვრების შემდეგ, წელი არ დამიკარგავს და ასევე ფლეიტის განხრით კონსერვატორიაში ჩავაბარე მაგისტრატურაზე და ისიც ძალიან წარმატებით დავამთავრე. ზოგადად, კლასიკოსი ვარ. ფორტეპიანოზეც ვუკრავ, ვმღერი, მაგრამ ჩემი ძირითადი ინსტუმენტია ფლეიტა. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, 2013 წელს წავედი იტალიაში და მასტერკლასები გავიარე როსინის სახელობის კონსერვატორიაში, რომელსაც იმ პერიოდში ალბინო მატეი ხელმძღვანელობდა. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე იტალიაში. იქ ყოფნის დროს ორ კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა.

მეტრონომი: საბოლოოდ, როდის გადაწყვიტე, რომ ფლეიტის საშუალებით შეგესრულებინა ნებისმიერი ჟანრის მუსიკა და ამ კუთხით განვითარებულიყავი?

ნათია გიგუაშვილი: იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ, სხვა მხრივ დავიწყე განვითარება. ფლეიტით დავიწყე ისეთი ჟანრის შესრულება, რაც მანამდე ჩემთვის უცხო იყო – მსუბუქი ჯაზი, მსოფლიო ცნობილი სიმღერების ქავერები და ა.შ. როდესაც ხარ კლასიკოსი და კლასიკური მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული, ამ კუთხით განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომაა გასაწევი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მაგალითს მოვიყვან, ერთ-ერთ ღონისძიებაზე საღამო მუსიკალურად გავაფორმეთ – მე, მერაბ სანოძემ (სანომ) და dj duck-მა. ძალიან საინტერესო და ახალი იყო – ფლეიტა, ელექტრონული მუსიკა და დასარტყამი ინსტუმენტები – ეს სამი ადამიანი ერთად ვმუშაობდით დიდ გუნდთან ერთად რუსთაველის თეატრის სცენაზე.

მეტრონომი: პირადი საღამოები ან რეგიონებში გასვლები თუ გქონია?

ნათია გიგუაშვილი: შარშანწან პირველად გაიმართა ჩემი შემოქმედებითი საღამო სადაც ყველა კომპოზიცია ფლეიტით იქნა შესრულებული და დამსწრეების დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.ახლაც ვემზადები ჩემი სოლო კონცერტისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება, ანალოგიური კონცერტები რეგიონებშიცაა დაგეგმილი.

მეტრონომი: არც ისე ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში ფლეიტისტები არიან. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში?

ნათია გიგუაშვილი: ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა დათო ოძელაშვილი, რომელიც პოპულარიზაციას უკეთებდა ფლეიტას. ფლეიტა ფართო მასებში არ ჩანს.  ხშირად მაქვს რეგიონებში გასვლითი კონცერტები და ხალხს ფლეიტა სალამური გონია. ზოგადად, საქართველოში სულ რამოდენიმე ორკესტრია და სამუშაო ადგილებიც ჭირს, ძნელია ფლეიტისტმა დაიმკვიდრო თავი.  ერთი სიახლე მინდა გითხრათ, ინსტრუმენტის პოპულარიზაციის კუთხით, ვაპირებ დავაარსო საქართველოს ფლეიტის ეროვნული ფედერაცია სადაც იქნებიან დასაქმებული პროფესიონალი ფლეიტისტები, რომლებიც თავის ცოდნას გაუზიარებენ ახალ თაობას.

მეტრონომი: სამომავლო გეგმებიც რომ გვითხრათ…

ნათია გიგუაშვილი: როგორც აღვნიშნე წელს კონცერტს ვგეგმავ და ადგილს ვარჩევთ. კონცერტი თბილისში გაიმართება და შემდეგ აუცილებლად იქნება რეგიონებში გასვლებიც. მექნება დუეტებიც. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ჩემი კვარტეტი შევქმენი, სადაც ვართ ფლეიტა, ფორტეპიანო, ჩელო და ვიოლინო. ვუკრავთ ყველაფერს – იქნება ეს „COLDPLAY-ის“ აკუსტიკური ვერსია, გია ყანჩელის მუსიკა და ა.შ. ულამაზესი კომპოზიციები გამოდის უცხო შენადგენლობით. დაგეგმილი გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთაც კონცერტების გამართვა. კვარტეტის სახელწოდებაა – sky high. ასევე „სანო სტუდიაში“ ჩემი სტუდიური ნამუშევარი ჩაიწერა და პირველ ვიდეორგოლზეც იწყება მუშაობა, რომლის სახელწოდებაცაა soul of the sea.

 

იტვირთბა....