ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართა

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ფესტივალ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ღონისძიება ამჯერად კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში გაიმართა.

ღონისძიებაზე საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში ჩატარდა. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაშები, შეჯიბრი და შოუ-პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტი და დიჯეი. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო კი კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, სამსახურის წარმომადგენლებთან და კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს, დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

იტვირთბა....