პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სოფო ვერძეულის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტთანდაკავშირებით.
მისი თქმით, მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად იზიარებს ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო.
„მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.
1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე;
2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა;
3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას;
4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად;
5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია;“,- წერს გიგა ბოკერია.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს.