სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას ამ წუთებში ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფონზე მართავენ.
მათი მთაავრი მოთხოვნა უცვლელია – “გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია”.
როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა“ ესწრებიან: ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეფან კუბივი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, სლოვაკეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოკოლ დედია, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი აუდუნ ჰალვორსენი, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერი კლაუდია როტი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი ფლორინ იორდაჩე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კერსტინ ლუნდგრენი.
ერთ-ერთი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის განცხადებით, ამ ფორმით ცდილობენ, რომ ევროკავშირის წევრებს გააგებინონ მათი მოთხოვნა, რათა ბიძინა ივანიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და გიორგი გახარია თანამდებობოდან გაუშვას.
“აქ იმყოფებიან ევროპიდან ძალიან მნიშვნელოვანი პირები. ამ ფორმით გვინდა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას უფრო ახლოს, რათა გიორგი გახარია გადადგეს. ჩვენ ჩამოვედით ბათუმში ევროკავშირისა და ამერიკის დროშებით. ვგმობთ ოკუპაციას და რუსეთის ქმედებებს. უნდა გადადგეს გახარია”,- განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.