ვხედავთ შესაძლებლობას, რომ კონსტრუქციულად გაგრძელდეს ეს პროცესი და საშემოდგომო სესიაზე, უკვე მაქსიმალურად შეჯერებული გადაწყვეტილებები მივიღოთ პარლამენტში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პროპორციული არჩევნების სისტემას ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა და მაღალი ინტერესი აქვს.
„განვიხილეთ, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, რაც სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას აინტერესებდა როგორც პროპორციულ არჩევნებთან, ასევე საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ფორმატი მოემსახურება იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებას და მმართველ გუნდს ჰქონდეს კონკრეტული შესაძლებლობა, რომ განიხილოს ყველა აქტუალური საკითხი და ოპოზიციას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრებები დააფიქსიროს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

