ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ბათუმის კონფერენცია თავისი მასშტაბით და შინაარსით უპრეცედენტოა” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს ეძღვნება, გახლავთ უპრეცედენტო, როგორც თავისი მასშტაბით ასევე შინაარსით, მონაწილეთა წარმომადგენლობითი დონით, რაოდენობით, დღის წესრიგით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს ვრცლად გააცნო კონფერენციის დღის წესრიგი. მან აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში შეჯამდება საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ განვლილი გზა, თანამშრომლობის შედეგები და დაისახება სამომავლო გეგმები.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომელთა საერთო მოცულობა ითვალისწინებს 47 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას. მისი განცხადებით, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობას”, ასევე კონფერენციას რამდენიმე განზომილება აქვს – პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, პირველად გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იტვირთბა....