ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დიდი ზომის რეზინის ტყვიები პანკისის გამოცდილების გამო გამოიყენეს – ექსპერტი

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკური საკითხებში, ამირან სალუქვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და ექსპერტებს შორის 20 ივნისის ღამის შესახებ გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

როგორც სალუქვაძე ამბობს, უწყებამ აქციის დასარბევად დიდი ზომის რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება პანკისის მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.

“მან თქვა, რომ (დიდი ზომის ტყვიების გამოყენებისას) იმოქმედა, გარკვეულწილად პანკისის მოვლენებმა, აქციამ, როცა, ფაქტობრივად, ზეგავლენა ვერ მოახდინა იმ პატარა რეზინის ტყვიებმა. ეს მისი მოსაზრება იყო, ღიად ისაუბრა. თქვა, რომ შესაძლოა, ესეც ყოფილიყო ერთერთი მიზეზი, რომ ეს ტყვიები გამოიყენეს, რადგან შავმა ტყვიებმა ვერ იქონია ეფექტი.

მინისტრმა ისაუბრა შიდა რეგულაციებზეც და აღნიშნა, რომ ტყვიებზე ქარხნულად დაწესებულია ნორმა არანაკლებ 10 მეტრისა, ხოლო შიდა რეგულაციებით, სპეცრაზმელებს არ აქვთ ამ ტყვიების გამოყენების უფლება 20 მეტრზე ნაკლები სიშორიდან. შეცდომები არის ამ ტყვიების გამოყენების წესების ნაწილში და არა სახეობებში,”- ამბობს სალუქვაძე “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალუქვაძისვე თქმით, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ სხვა დღეებთან შედარებით, დეპუტატებმა ბევრი საშვის გაცემა მოითხოვეს.

“ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რატომ გააძლიერეს პარლამენტის შენობა. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სიგნალი, გარდა იმ განცხადებებისა და ფონისა, რაც შეიქმნა, ერთერთი ინდიკატორი იყო, ფაქტობრივად, გაათმაგებული რაოდენობით საშვების გამოწერა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მან ციფრებიც კი დაასახელა, რომ თუ რომელიმე პარტია, საშუალოდ დღეში 2-3 საშვს უშვებდა, ამ შემთხვევაში დეპუტატები ახდენდნენ 10 და მეტი საშვის დაშვებას. მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ ციფრს მიიღებდა, დავუშვათ, 30-40-მა დეპუტატმა 10-20 ადამიანი რომ შეიყვანოს, გამოდის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შიგნით. ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი, რის გამოც მიიღეს ის ზომები, რაც მიიღეს” – ამბობს სალუქვაძე

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია საქართველოს სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. უკვე სამი კვირაა, რაც პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო

იტვირთბა....