ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორუფცია და ნეპოტიზმი ამცირებს შემოსული ინვესტიციების რაოდენობას, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას – ბაქრაძე

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საზოგადოებაში თესავს არასტაბილურობის განცდას, მუდმივად საუბრობს გადატრიალებებზე, ამბოხებებსა და სისხლისღვრაზე, ეს ყველაფერი სწორედ ლარის გაუფასურების მიზეზია, -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი კორუფცია და ნეპოტიზმია, რომელიც ამცირებს შემოსული ინვესტიციების რაოდენობას.

„პასუხისმგებლობისგან გაქცევა და სხვაზე გადაბრალება არის „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. მე საზოგადოებას მინდა შევახსენო, მაშინაც კი, როდესაც თბილისის ცენტრი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და პარალიზებული ოპოზიციის კარვებით 2010 წელს, როდესაც ვერ ფუნქციონირებდა პარლამენტი და სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინაც კი არ მომხდარა ლარის ასეთი გაუფასურება და ლარი დოლართან მიმართებით იყო 1.7-ზე. თვით რუსული აგრესიის დროსაც კი არ მომხდარა ლარის ვარდნა 2,9 ნიშნულამდე, როგორც ეს დღეს გვაქვს. ამიტომ, ამ პროცესების ოპოზიციაზე გადაბრალება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს არც პასუხისმგებლობა და არც კომპენტენცია იმისათვის, რომ მართოს ქვეყანა. სინამდვილეში მიზეზი არის სხვა. მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მომავლის ხედვა, გეგმა და თვითდინებაზე უპატრონოდ დატოვებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ლარი უფასურდება. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მთლიანად დაკავებულია კორუფციით და ნეპოტიზმით, რაც ამცირებს შემოსული ინვესტიციების რაოდენობას და ინვესტიციების სიმცირე ურტყამს ლარს. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური მთავრობა, რომელიც ბიზნესისთვის შეღავათების მინიჭების ნაცვლად, გადასახადებს ზრდის და გამოდის ახალი რეგულაციებით. შემდეგ უკვირთ, რატომ ვერ ვითარდება ეკონომიკა სწრაფი ტემპით. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვითონ თესავს საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას იმით, რომ მუდმივად საუბრობს გადატრიალებებზე, ამბოხებებსა და სისხლისღვრაზე. აი, ეს ყველაფერი არის სწორედ მიზეზი ლარის გაუფასურების“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოფიციალური კურსით, ორი თვის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 10 თეთრითაა გაუფასურებული. გაზაფხულზე გაუფასურების შემდეგ, ლარს ივნისის პირველ ნახევარში გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ივნისის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

იტვირთბა....