ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი საქართველოში ფრენების განახლებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი საქართველოში ფრენების განახლებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს. ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება და როგორც კი რუსეთის ხელისუფლება რუსი ტურისტებისთვის ვითარების ნორმალიზების ნიშნებს შეამჩნევს, მაშინ შეაფასებს არსებულ ვითარებას და მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ფრენების შეზღუდვა, ფრენების აკრძალვა აბსოლუტურად იძულებითი ზომაა, შესაბამისად, სიტუაციაზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება და როგორც კი გამოჩნდება რუსი ტურისტებისთვის სიტუაციის ნორმალიზების, რუსოფობიური გამოვლინებების შედეგების გაქრობის ნიშნები, სწორედ მაშინ დადგება დრო ანალიზისთვის და რამე სხვა გადაწყვეტილებების მიღებისთვის. მანამდე ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში ფრენების აღდგება.

„რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუმცა ახლა, ასეთი ძლიერი პოლარიზაციის გათვალისწინებით, თანაც ასეთი ექსტრემისტული შეფერილობით, ქართული საზოგადოების პოლარიზაციით, ანტირუსული და რუსოფობიური გამოვლინებებით, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი ტურისტის ყოფნისთვის ობიექტური საფრთხე არსებობს“, – განაცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთში საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავენ.

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რუსოფობიულ განწყობებს მოჰყვა ფართო საზოგადოებრივი რეაქცია.

„საშინელ რუსოფობიულ დასკვნებს აუცილებლად მოჰყვება ფართო საზოგადოებრივი რეაქცია. თქვენ ხედავთ, როგორი ერთსულოვანი პოზიცია დაიკავეს ჩვენმა სახალხო რჩეულებმაც – პარლამენტარებმა, თქვენ ხედავთ, რომ რიგითი მოქალაქეები საკმაოდ მრისხანედ რეაგირებენ ამაზე, ამიტომ ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებები. ერთი საქმეა – მიზანმიმართული გამოხტომები, მეორე საქმე კი – ამაზე საზოგადოებრივი რეაქცია“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისს ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....