პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა
“მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.
რუსთავი 2-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.
ნაციონალურ მოძრაობას არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას ” – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.