“თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა,“ – ეს განცხადება საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვაჟა სირაძემ, გააკეთა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან.
„მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, რომ თუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და ასევე ვუთხარი, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერი მოთხოვნას ამასთან დაკავშირებით,“- ამბობს ვაჟა სირაძე.
სირაძის თქმით, პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას არც ერთი აქციის მონაწილეს არ უზღუდავს.
„პოლიცია არ არის კომპეტენტური, ვინმეს შეუზღუდოს გამოხატვის უფლება, მშვიდობიანი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო დისტანცია ამ ორ აქციას შორის და ამას დავიცავთ. მე მოვუწოდე აქციის ორგანიზატორებს, რომ დაიცვან ეს უსაფრთხო დისტანცია და ასევე, მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. როგორც მორალური ასევე სამართლებრივი,“ – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვაჟა სირაძემ.