პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უფლებები.
მისივე თქმით, თუ კონტრაქციის წევრები იზიარებენ იმ პათოსს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი შეუძლიათ, ერთად დადგნენ.
„ეს იყო აბსოლუტურად დაუგეგმავი, რაც დღეს დაგვხვდა აქ, დაიკავეს ადგილი. წინასწარ დაგეგმილ და დააანონსებულ აქციას, ადგილსა და დროს გვართმევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირდაპირ არის ვალდებული დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ისინი არიან ვალდებულნი, რომ არ მოხდეს არავითარი ესკალაცია. თუ ჩვენი ხელის შეშლა უნდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პირდაპირ ვალდებული დაიცვას ჩვენი გამოხატვის და მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება წინასწარ დაანონსებულ დროსა და ადგილზე. ამასაც თუ ვერ ახერხებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ გახარია უნდა წავიდეს. არ ვიცი, რატომ აქვთ ჩვენ მიმართ აგრესია. თუ თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა, ძალიან ცდებიან და არიან ქვეყნის მტრები. თუ თვლიან, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, ძალიან ცდებიან, იმიტომ რომ გახარია უნდა გადადგეს აუცილებლად. სხვა რა მიზეზი აქვთ არ ვიცი. ლგბტ თემას თუ ეხმაურებიან, ის არის საერთოდ სხვა აქცია, სხვაგან უნდა ჩატარებულიყო და არც კი ჩატარდა და კონტექსტიდანაა აცდენილი. მე ვფიქრობ, ლეგიტიმაცია გვაქვს, რომ გავაგრძელოთ აქციები, მთელი მსოფლიო ხედავს რაც ხდება, რომ ერთი სამართალდარღვევა არ გვქონია და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვასაძეს, ქალაქში არის უამრავი ადგილი, სადაც შეუძლია გააპროტესტოს ის, რაც უნდა. თუ ჩვენს მოთხონებს არ იზიარებს, მაშინ სხვაგან უნდა იდგეს“, – განაცხადა მაქარაშვილმა.