შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის წინ მიმდინარე და მეორე, 19 საათზე დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
უწყების განცხადებით, როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ წუთებში, ლევან ვასაძე, გურამ ფალავანიშვილი, მმკ და მაღი მხარდამჭერები მართავენ აქციას, ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ.
19 საათზე კი დაგეგმილია აქცია “სირცხვილია” რომლის მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. აღნიშნული აქცია 18 დღის განმავლობაში იმართებოდა პარლამენტთან, თუმცა რადგან ახლა ადგილი სხვა აქციის წევრებმა დაიკავეს, დღევანდელი აქცია – “სირცხციალია 19.0” გაიმართება პუშკინის სკვერში.