რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართული კომპანიებისგან, „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინისგან“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის წარდგენას ითხოვს. „ფრენების შეჩერება გაგრძელდება რუსული მხარისთვის კომპანიების „ჯორჯიან ეარვეისისა“ და „მაი ვეი ეარლაინის“ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამის, მათი აუდიტის წარდგენისა და რუსული მხარის მიერ მათი დადასტურების, ასევე ქართული მხარის მიერ საჰაერო სანავიგაციო მომსახურების სრული დაფარვის მომენტამდე“, – განაცხადა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.