თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ჯანმრთელობის კოორდინატორები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან.
ექთნების გადამზადებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს. ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო პერმანენტულად აფინანსებს პერსონალის განვითარებისათვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, თუმცა ამჯერად, ექთნების გადამზადება კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელობამ სოციალური პროექტის ფარგლებში დაგეგმა.
„საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“, რადგან კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალის მუშაობა ბაღებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტის, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშინ, როდესაც თითოეულ ექთანს უწევს 200-დან 800-მდე ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივად განახლებული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე და ასევე გაატარონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები ,“ – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისათვის.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ექთნების მეორე ნაკადი გადამზადებას სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე გაივლის.„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრმა ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო და სრული პედიატრიული მომსახურებით უზრუნველყოფს პაციენტებს.
იტვირთბა....