კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა მზად არის, საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. ამის შესახებ იინფორმაციას სააგენტო „უკრინფორმი“ ავრცელებს.
“ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, ჩვენ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ, მათ შორის განვიხილავთ რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ამას ყოველთვის გავაკეთებთ, რადგან უკრაინის მეგობრები ვართ”,-განაცხადა ტრიუდომ.
მან დასძინა, რომ კანადას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია აქვს.
“ჩვენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე გრძელი სია გვაქვს, მაგრამ საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვმოქმედებთ, რადგან ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებით”, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
კანადის პემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება დაგმო.
“ჩვენ რუსეთის ევროპის საბჭოში დაბრუნებით იმედგაცრუებული ვართ, რადგან რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია”, – განაცხადა ტრიუდომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 1-3 ივლისს სამუშაო ვიზიტით კანადაში იმყოფება.