თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
სხდომას ესწრება ბრალდებული ნიკა მელიაც.
პროკურორმა შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.
პირველი არხის ინფორმაციით, საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.
პროკურორის თქმით, თანამდებობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნიკა მელიას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც მისი მხრიდან მიმალვის საფრთხეს ქმნის. ამასთან, როგორც გულუაშვილმა განაცხადა, გასათვალისწინებელია, რომ ამ საქმეზე მოწმე ნათია ბერიძემ პროკურატურას მიმართა, მის მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე პროკურატურის არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს და თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საცხოვრებელი სახლის შეზღუდვებით დატოვების და საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტის აკრძალვასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ამავდროულად, სასამართლომ მელიას რამოდენიმე აკრძალვაც დაუწესა. კერძოდ, ნელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.