„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად ბიძინა ივანიშვილის განწყობებზეა დამოკიდებული.
„სრულ ფიქციად აქცია ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტი, როდესაც 91-მა დეპუტატმა იმუნიტეტი მოუხსნა ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ მისთვის პატიმრობა შეეფარდათ. შემდგომ ასევე სასამართლოც აბსოლუტური ფიქცია იყო და მხოლოდ ივანიშვილის შიშებიდან და ფობიებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მას ძალიან სურს, რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს ნიკა მელია, იმიტომ, რომ მასში ხედავს საფრთხეს. უკვე მრავალი წელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს საფრთხეს ივანიშვილი და ასევე პერსონალურად ნიკა მელიაში, რომელიც ძალიან აქტიური და შეუპოვარია. სწორედ აქედან გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას შეუზღუდოს საჯარო გამოსვლები საზოგადოებრტივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ის მოთხოვნა, რომ პროკურორს შეატყობინოს, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეში სურს გადაადგილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, მელიას მიმართ დევნის განხორციელება უპირველესად ივანიშვილითვის იქნება საზიანო.
„ვნახავთ, ახლა რამდენად გამწვავებული აქვს ივანიშვილს საკუთარი ფობიები ერთი მხრივ და მეორე – რამდენად შეუძლია, ჯერ კიდევ რაღაც ჯანსაღი აზრი თუ აქვს მის ირგვლივ ვინმეს დარჩენილი, რომ ურჩიონ – მთავარი ოპოზიციური ძალის, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეზე, ასეთი ტიპის დევნის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის და მისი პოლიტიკური პროექტისთვის იქნება უკიდურესად დამაზიანებელი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.