მთავარი პოლიტიკა

“პროპორციული არჩევნების საკითხი იმით რომ არ გააფუჭოთ რომ კობახიძის რეაბილიტაცია არ ცადოთ არ შეიძლება?”

“ქართული ოცნება / Georgian Dream პროპორციული არჩევნების საკითხი იმით რომ არ გააფუჭოთ რომ ამ კაცის რეაბილიტაცია არ ცადოთ არ შეიძლება? თუ წერა კითხვა მეტმა არავინ არ იცის თქვენთან?! “პოლიტიკური მოუსავლეთიდან” ხალხის წამოწევა რაღაც უკვე ტრადიციად გექცათ”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერის ფარგლებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დაარეგისტრირა. ერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას.

დღეს კი სასტუმრო “შერატონში” პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები 2020-ის” პრეზენტაცია გამართა, სადაც ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა.

20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის დაშლის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

პარლამენტის წინ აქციები დაიწყო, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა კობახიძის გადადგომაც იყო.

სწორედ ამის შემდეგ მიიღო კობახიძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება.

იტვირთბა....