საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ყველა ძალიან კარგად დაინახავს, ვინ ასრულებს ამ პოლიტიკურ პროცესებში კონსტრუქციულ როლს და ვინ დესტრუქციულ როლს. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და როგორც კი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე წავიდა რეალური საუბარი, ბოიკოტს უცხადებენ ამ პროცესს. დესტრუქციულობის გარდა ვერაფერს დაანახებენ ვერც საზოგადოებას და ვერც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ძალიან თვალნათლივ ნახავენ, ვინ რა როლს ასრულებს საქართველოში პოლიტიკური სისტემის ევოლუციაში. ჩვენი მხრიდან შეთავაზება ყველასთვის კარგად ცნობილია. ეს შეეხება სრულ საარჩევნო და ფუნდამენტურ რეფორმას, მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულოვანი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მცირედი მხარდაჭერა მაინც აქვს ხალხში, აქვს შესაძლებლობა, ადგილი მოიპოვოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ნულოვანი ბარიერი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობის სრულ პროპორციაში ყოფნას ერთმანეთთან
„ოპოზიცია სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა გზავნილები გვესმოდა ტელეეთერების მეშვეობით. დღევანდელი შეხვედრა გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ შეხვედრაზე ვნახოთ, რომელ პოლიტიკურ ძალას რა დამოკიდებულება აქვს. მესმის სრულიად განსხვავებული გზავნილები. ზოგი ამბობს, რომ კარგია ნულოვანი ბარიერი, ზოგი ამბობს, რომ უნდა იყოს 1%, 3%, 5% და ასე შემდეგ. ყველა გამოდის თავისი პარტიული, პრაგმატული ინტერესიდან და ჩვენი ამოცანაა, დავაბალანსოთ ეს ინტერესები. სწორედ ამისთვის იმართება დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი აზრით, დღევანდელი პოლიტიკური ველის გათვალისწინებით, ნულოვანი ბარიერი ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობა სრულ პროპორციაში იყოს ერთმანეთთან. კიდევ მეორე თემა, რომელსაც ხშირად ახსენებენ, შეეხება ბლოკების თემას. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ მას არ შეუძლია 11 ან 12 ათასი ხმა მიიღოს და მაინც ითხოვს ადგილს საქართველოს პარლამენტში, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად ეკუთვნის სინამდვილეში ასეთი ადგილი პარლამენტში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდება.