საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობის მიღებას დღეიდან უფასოდ შეძლებენ.
უწყების ცნობით, 2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ პირებს, თუ:
✓ მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;
✓ მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;
✓ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
✓ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილნი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
✓ მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;
✓ რეგისტრირებულნი არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მასში სამ მილიონზე მეტი დაზუსტებული მონაცემია. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10.
მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.