ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთისთვის წინააღდეგობის გაწევის სურვილი ქართველებში კიდევ უფრო გაძლიერდება” – გერმანიის ელჩი საქართველოში

რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული ზომები ემოციურ გადაწყვეტილებებს ჰგავს და ჩემი აზრით, არაგონივრულია, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გერმანიასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გვაქვს ეკონომიკურ სანქციებთან ურთიერთობის გამოცდილება. გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ სანქციები მხოლოდ მაშინ დავაწესოთ, როცა ზუსტად ვიცით, რა გვინდა და როცა ზუსტი მოთხოვნები გვაქვს. მაგალითად, ჩვენ შემოვიღეთ სანქციები მაშინ, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, ძალიან ცხადი იყო, თუ რას ვითხოვდით რუსეთის მხრიდან. რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული ზომები ემოციურ გადაწყვეტილებებს ჰგავს და ჩემი აზრით, არაგონივრულია. რუსები მუდმივად გვეუბნებიან, რომ ჩვენმა სანქციებმა მხოლოდ გააძლიერა მათი ეროვნული სიმტკიცე. ცხადია, რუსეთის მიერ მიღებულ ზომებს ექნება გავლენა ქართულ საზოგადოებაზე და რუსეთისთვის წინააღდეგობის გაწევის სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსებს უყვართ საქართველო, ამ წლების განმავლობაში მილიონობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში და მათ არ მოსწონთ საქართველოში ჩამოსვლაზე აკრძალვას რომ უწესებენ. ასევე არის რეაქცია რუსული სოციალური მედიის მხრიდან, ასე რომ, საინტერესო იქნება რუსეთში ამ მოვლენების დაკვირვება“, – განაცხადა ელჩმა.

იტვირთბა....