ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მტკიცებულებათა წარმოდგენის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს” – კაკულია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც კაკულია აცხადებს, მტკიცებულებები “უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი”:

“ვერ შევძელი ამ გადაწყვეტილების მიღება [მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის მხარდაჭერა], იმიტომ, რომ ვფიქრობ, უფრო მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა წარმოდგენის. მიუხედავად იმისა, რომ ერთია, რაც არის სუბიექტური განწყობა მოცემული ფაქტის მიმართ და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს არც კი ჰქონდეს ეჭვი, რომ ასეთი ტიპის ქმედება აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი. მაგრამ მეორეა სტანდარტი პარლამენტარის იმუნიტეტთან დაკავშირებით საპარლამენტო რესპუბლიკაში და მგონია, რომ უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.” – თქვა კაკულიამ.

კაკულიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქართულ ოცნებას ტოვებდა. კაკულიამ ტაბულას უთხრა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

რუსთავი 2-ის კითხვაზე, რომ ამ გადაწყვეტილების გამო მას შეიძლება მმართველი გუნდი დაატოვებინონ, კაკულია პასუხობს:

“როდესაც შენ გუნდის წინააღმდეგ მიდიხარ, ყველაფერზე მზად უნდა იყო და რაღაც განსაკუთრებულ რევერანსებს არ უნდა ელოდე, მემგონი.”

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოსთხოვოს. 91 მომხრე, 0 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომას არ დაესწრო.

ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი 20 ივნისის აქციის საქმეზე წარუდგინა. მას აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

იტვირთბა....