დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არც მიხეილ სააკაშვილს მოერიდება და არც ბიძინა ივანიშვილს.
მისივე შეფასებით, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს. არეულ ქვეყანაში არსებული სისტემით არჩევნების შემთხვევაში კი ან ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, ან მეორე იგდებს მას ხელში.
„ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები „შენების მოძრაობიდან“ ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ.
და რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ნიკა მელიას დაკავებით „ოცნება“ ცდილობს „სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები“, ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი „ოცნების“ პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.
„ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას დაკავებასა პროკურატურა ითხოვს და გენერალურმა პროკურორმა, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის თხოვნით პარლამენტს წერილი წარუდგინა.