საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ აღკვეთის სხვა ღონისძიება.
მისივე თქმით, პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.
„საკითხი არის შემდეგნაირად. გენერალურმა პროკურატურამ მომართა პარლამენტს და ითხოვს თანხმობას. თუ ჩვენ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ გენერალურ პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ საკითხზე ვმსჯელობთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლა ასე მოხდება, პარლამენტი მიცემს თანხმობას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ, მას უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო სისხლის საპროცესო კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.
ამის შემდგომ, თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, – განაცხადა კახიანმა.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.