“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი ხვალვე განიხილავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, განუცხადა.
“ხვალ დილითვე ჩატარდება საკომიტეტო მოსმენა და ხვალვე პლენარულ სხსომაზე იქნება შესაძლებლობა, პარლამენტმა იმსჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე”,- განაცხადა კახიანმა. მან არ გამორიცხა, პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკა მელიას მიმართ გამოიტანა ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და პარლამენტს აცნობა დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.
დეპუტატის დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს პარლამენტის უჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით.