არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“24 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ბარიერის გარეშე ჩატარების ინიციატივა გააცნო. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ქართული სამოქალაქო საზოგადოება აერაერთი წელია ითხოვს. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივი ცვლილების მოთხოვნამ ფართო საზოგადოებრივი სახე მიიღო. ამ ფონზე, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება არსებითია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ხმების მანდატებში პროპორციულად ასახვისა და სამართლიანი პოლიტიკური წარმომადგენლობისათვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ნულოვანი“ ბარიერის დაწესების შესახებ ინიციატივა გარკვეული რისკების შემცველია.
საარჩევნო ბარიერის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობის ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, რაც სავარაუდოდ უარყოფითად აისახება პარლამენტის მუშაობის ეფექტურობაზე. პარლამენტში პარტიების არაგონივრულად დიდი რაოდენობის პირობებში შესაძლოა გართულდეს მთავრობის ფორმირება ან შეიქმნას პოლიტიკური კრიზისებისა და არასტაბილურობის საფრთხე.
არაგონივრულად დაბალი ბარიერით არჩევნების ჩატარება გაზრდის პარტიულ ფრაგმენტაციას და გამოიწვევს ისეთი პარტიების შექმნასა და პარლამენტში მოხვედრას, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში ადეკვატურად ჩართვის რესურსი და შესაძლებლობა არ ექნებათ. მსგავსი გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს, რაც 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებული 1992 წლის არჩევნების შედეგებში უკიდურესი ფრაგმენტაციის სახით გამოვლინდა და სახეზე იყო პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია.
გონივრული საარჩევნო ბარიერის არსებობა ემსახურება პარტიების გაძლიერებას, ამომრჩეველთან მუდმივ მუშაობას და ამასთან, აზღვევს ანტისისტემური, რადიკალური ძალების შესვლას საკანონმდებლო ორგანოში, თუ მათ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვთ. ამასთან, ერთეულ ლიდერზე ორიენტირებული და ძლიერი პლატფორმის არმქონე პარტიების პირობებში, პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა ინდივიდების ვიწრო ინტერესებს და ფინანსურ თუ სხვა სარგებელს დაეფუძნოს.
გარკვეული ბარიერის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს ვენეციის კომისიაც 2010 წლის 15 მარტს გამოცემულ ანგარიშში, რომელშიც ვკითხულობთ: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2007 წლის #1547 რეზოლუციაში არჩევანი გააკეთა 3% ბარიერზე, თუმცა იმ პირობით, რომ ეს რეკომენდაცია გამოყენებული იქნებოდა ‘დამკვიდრებული დემოკრატიის’ მქონე ქვეყნებში. ეს ბარიერიც დაბალი ჩანს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ განსხვავებას რაც არსებობს დამკვიდრებული და ნაკლებად დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც პარტიული სისტემა შექმნის პროცესშია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სავარაუდოდ 3%-დან 5%-მდე ბარიერია მისაღები, შესაბამისი გარანტიების არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებისთვის.“1
შესაბამისად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გარდამავალ პერიოდში მნიშვნელოვანია 3%-დან 5%-მდე საარჩევნო ბარიერის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისთვის და ამასთან მოვუწოდოთ ხელისუფლებას ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა გაგრძელდეს შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა გააზრებული იქნას ყველა შესაძლო რისკი და მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაში იყოს ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებთან. „სამართლიანი არჩევნები“ გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპტიმალური საარჩევნო სისტემის შესახებ დისკუსიაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქარტული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.