ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილებები და პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური გადაწყვეტილება” – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენბზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ყველაფერს სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველაზე მძიმე იყო ის, რომ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება.

„რაც შეეხება აქციაზე ძალის გამოყენების დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მანამდე განვითარებული პროცესები, ასევე შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევები, ამ ყველაფერს უნდა გაეცეს, პირველ რიგში, სამართლებრივი პასუხი. ეს სამართლებრივი პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ და ისე, რომ კითხვები არ დარჩება არც ერთ მხარეს, არც მეორე მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. აქ არის სამართლებრივი პასუხები საჭირო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ის გადადგა თანამდებობიდან და ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის მთლიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არიან კონკრეტულად დაზარალებული ადამიანები და ამას აუცილებლად მოჰყვება სამართლბრივი რეაგირება.

„ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ არ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა.

ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა.

ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

იტვირთბა....