რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 11 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორისაა, გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც მთავარი ექიმი, გიორგი კორძახია აცხადებს, კლინიკაში დარჩენილი პაციენტებიდან არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენთან შემოსული 20 პაციენტიდან ამჟამად 11 რჩება, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, გრძელდება დაკვირვება და მკურნალობა. ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ თერაპიაში მეთვალყურეობისთვის, მას რაიმე სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არ აქვს.
რაც შეეხება დაშავებულ გოგონას, ის თვალის ამოღების შემდეგ პალატაშია გადაყვანილი. თვალი ორმა პაციენტმა დაკარგა“, – განაცხადა კორძახიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისას 160 ადამიანი დაშავდა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 – პოლიციელი.