ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თუ ეს ხალხი ისევ თქვენ აგირჩევთ, ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ – ვასილ სოფრომაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს

„შეიძლება, ძალიან ქუჩურად და ძველბიჭურად გამომივიდეს, თუმცა ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ – მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო გახარია: როცა მინისტრი არ იქნები, როცა ჩვეულებრივი მოქალაქე იქნები, დამირეკე, ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს, და მაშინ გეტყვი მე, ვასო სოფრომაძე, ყველაფერს, რისი თქმაც მინდა შენთვის!“, – მიმართა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა შს მინისტრს, კომპანიის Facebook გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

“მივმართავ მოქმედი მთავრობის იმ წევრებს, რომელთანაც მე პირადი, ადამიანური ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არც „ქართული ოცნება“ არსებობდა და არც ისინი იყვნენ მთავრობის წევრები; პარლამენტარებს, ვისთანაც ადამიანური ურთიერთობა მქონდა, როცა პარლამენტში არ იყვნენ: თქვენი შვილები დასისხლიანებულები რომ დაბრუნებულიყვნენ, თვალის გარეშე დარჩენილიყვნენ და თქვენ არ გადამდგარიყავით და არ დაგეტოვებინათ პარლამენტი, გამარჯობას არ გეტყოდით. შეიძლება, რომელიმე თქვენგანმა თქვას, შენი გამარჯობა არ მჭირდებაო, მაგრამ მე არ მჭირდებით თქვენი. პოლიციელის ხელის შემხები უნდა დაისაჯოს, მაგრამ მეტად უნდა დაისაჯოს ის, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, ვინც ვერ უზრუნველყო, რომ ეს ამაზრზენი სიტუაცია რუსთაველზე არ მომხდარიყო.

არავის მოვუწოდებ, პოლიტიკოსი არ ვარ, ვამბობ ერთ რამეს: დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და ნუ შეახოცავთ ხელს პარლამენტის დაცვას და პროტოკოლის ხელმძღვანელს. ეს იგივეა, „ფრესკოს“ ოფისში, ჩემს კაბინეტში, ჩემს სავარძელში ჩემი კონკურენტი კომპანიის ხელმძღვანელი და მე პასუხი მოვთხოვო არა ჩემს მენეჯმენტს, არამედ ჩემს პირად მდივანს და დაცვის უფროსს. გრცხვენოდეთ! მხოლოდ არჩევნებით შეიძლება მთავრობის შეცვლა და მიეცით ხალხს საშუალება, თავისუფალი ნება გამოხატონ. თუ ეს ხალხი ისევ თქვენ აგირჩევთ, მათ ნებას დავემორჩილები, მაგრამ ამ ქვეყანაში აღარ ვიცხოვრებ. არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც მონობას აძლევენ ხმას“, – განაცხადა სოფრომაძემ.

იტვირთბა....