საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ, გიორგი ანთაძის, განცხადებით, რომელიც დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს იცავს, ამ დროისთვის ხუთ დაკავებულს ადმინისტრაციული წესით 12 დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ.
საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა დიდ ნაწილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასა და ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.