ახალი ამბები

კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი – გია ნოდია

ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია –  წერს ანალიტიკოსი გია ნოდია საკუთარ “Facebook” გვერდზე.

მისი განცხადებით, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა და ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო.

“დიახ, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა. დიახ, ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს. დიახ, პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი.” – წერს ნოდია

ნოდიას განცხადებით, წინა ხელისუფლებას 2007 და 2011 წლების აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქოდა, რაც დღევანდელი ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს, მაგრამ  “ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.”

“2007 წლის 7 ნოემბერსაც და, მითუმეტეს, 2011 წლის 26 მაისსაც იმდროინდელ ხელისუფლებას აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ამის გაკეთება მას სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა. ამ ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა ის დაშლები წინა ხელისუფლებას უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.

ამ შემთხევაში, თვითონ დაშლის პროცესი იყო, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორეს მხრივ კი, გაუმართლებელი სისასტიკის მაგალითი. რეზინის ტყვიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმით, რომ ის ნამდვილ ტყვიებს ჯობია. მაგრამ ეს გამართლება შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დანაშაულის აღკვეთის იმწამიერი აუცილებლობა არსებობს. როდესაც პარლამენტის შენობაში შეჭრის საფრთხე აღარ არის და მაინც რეზინის ტყვიებით დასდევ ხალხს ქუჩებსა და სკვერებში, ეს შეუძლებელია რამით გაამართლო.

ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარულის საფუძველი არ უნდა იყოს – ეს ქვეყნისთვის, სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ქვეყანას ლეგიტიმური ძალაუფლება სჭირდება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.

ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცთუნებაზე უარის თქმას. ცთუნება არსებობს, თითქოს რევოლუციური მომენტია, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვება.

მეორეს მხრივ, მშვიდობიანი მასობრივი პროტესტი გამართლებულიცაა და აუცილებელიც. ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ მათ რომელიმე ერთი პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას). ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ წამყვანმა პარტიებმა სიმწიფე უნდა აჩვენონ იმით, რომ ქმედებების რაღაც გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მისაღები – მათ შორის იმ არაპარტიული აქტივისტებითვისაც, ვისი ინიციატივითაც გუშინდელი აქცია საერთოდ შედგა.” – წერს ნოდია.

მისი მოსაზრებით, კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა – ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი ვერ გადადგება. კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.

რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კი” – აცხადებს გია ნოდია.

იტვირთბა....