ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი” – Tbilisi Pride

სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი!, – ასე ეხმაურება ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობის ფაქტს.

ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეებს, რომლებიც ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს სახელმწიფოს, „დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობის ფაქტს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიზიტი უშუალოდ პრაიდის კვირეულში მიმდინარეობს და ასევე ვაცნობიერებთ რა, რომ „ღირსების მარშის“ გამართვის მიზანშეწონილობის საკითხის პოლიტიზაცია სხვა მიზეზებთან ერთად რუსეთთან მიმართებაში მოხდა, გვსურს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება.

მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას.

ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს 300 000 დევნილი, საქართველოს პარლამენტი თავს უფლებას აძლევს უმასპინძლოს რუს დეპუტატებს, მეორეს მხრივ კი საკუთარ მოქალაქეებს გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს არათუ ჩვენი დევნილი მოქალაქეების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. რუსეთში ლგბტქი საკითხებზე საუბარი კანონით ისჯება, ხოლო მოსკოვის პრაიდის გამართვის აკრძალვა ვლადიმერ პუტინის პირად ახირებად რჩება დღემდე. რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ისევე ნადირობენ ლგბტქი ადამიანებზე, როგორც კავკასიელ და განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე.

„თბილისი პრაიდი“ სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეებს, რომლებიც ამ უტიფარ ქმედებას აპროტესტებენ და მოუწოდებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები; შეწყვიტოს მტერი სახელმწიფოს მიმართ ღია კარის პოლიტიკის წარმოება და დაასრულოს საკუთარი ლგბტქი მოქალაქეების საზოგადოების მტრად წარმოჩენა.

დღეს, „ღირსების მარშის“ მხარდაჭერა გასცდა ლგბტქი თემის უშუალო საჭიროებების მოთხოვნას და ის ჩვენი საზოგადოებსი ღირსების საკითხად იქცა. დღეს შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ რამდენიმე რამეს შორის:

პრორუსული პოლიტიკა = ჰომოფობიას, ძალადობას, ავტორიტარიზმს, კორუფციას…

დემოკრატიისკენ სწრაფვა = ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და მატერიალური განსხვავებებისა თანასწორუფლებიანი

საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა.

სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი!“,- აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.
წყარო – საქართველოს პირველი არხი

იტვირთბა....