“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვრცელ განცახდებას აქვეყნებს და საპატრიარქოსა და ხელისუფლებას კრიტიკულად აფასებს. მის პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“რაში გამოიხატება, რომ ემიჯნება საპატრიარქო მისივე სასულიერო პირების აგრესიულ განცხადებებს? განკვეთს მათ ეკლესიიდან? მმკ- ს დაშლის და მღვდლობიდან გააგდებს ისაკაძეს და კამპანიას? ქორეპისკოპოს იაკობს სამაგალითოდ დასჯის? მოძალადე მრევლსაც რომ ემიჯნება და ლამის გმობს, ეს პატრიარქის და მისი თანამოსაყდრის უახლოეს პერსონას- ლევან ვასაძესაც ეხება თუ მხოლოდ მისგან მართულ ვინმე რიგით მოძალადეს? თუ არც ერთს?
გასაგებია, რომ საზოგადოებამ, მედიამ, პოლიტიკური ჯგუფების უფრო თამამმა ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერებმა, მამაცი სასულიერო პირების, თეოლოგების წინააღმდეგობამ- ყველაფერმა ერთად უკან დაახევინეს ილია მეორეს და მის წრეს წინა დღეებში დეკლარირებული აგრესიული ძალადობრივი პოზიციიდან.
ხელისუფლებას და მასთან შეზრდილ საპატრიარქოს მოუწევთ სიტყვა საქმედ აქციონ… რაც მალე იზამენ, მით უკეთესი მათთვისვე, საზოგადოებისგან მკაცრ დასჯას გადაურჩებიან”, – წერს ბერძენიშილი
შეგახსენებთ, საპატრიარქო აცხადებს, რომ ლგბტ პირების ცხოვრების წესი სოდომური ცოდვაა, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებას და მორალს ეწინააღმდეგება.
საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად – აცხადებს თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი.
საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და როგორღაც მშვიდობიანად შევძლოთ ერთ ქვეყანაში თანაარსებობა”, – ამბობს თაბაგარი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვიარ თემს ღონისძიება არ ჩაატარებინოს.